saqarTvelos mdinareebi - dasavleTis gumisTa

ტერიტორიული ერთეულები სოხუმის მუნიციპალიტეტი
სათავე ბზიფის ქედი 43°17`44` ჩ. გ. 40°49`20` ა. გ.
შესართავი გუმისთა 43°05`18` ჩ. გ. 41°00`09` ა. გ.
მარჯვენა შენაკადები აკუდრახო, გუმირიფშა
მარცხენა შენაკადები ჩადიმი, დოჩარიფშა
სათავის სიმაღლე 1070 მ
სიგრძე 35 კმ
აუზის ფართობი 316 კმ²
ჰესი სოხუმის ჰიდროელექტროსადგური

 

სინონიმი: დასავლეთ გუმისთა.

მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1070 მ სიმაღლეზე. გუმისთის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 35 კმ, აუზის ფართობი 316 კმ², საერთო ვარდნა 987 მ, საშუალო დახრილობა 28,2 ‰, საშუალო სიმაღლე 960 მ. დასავლეთის გუმისთის აუზში 176 მდინარეა, რომელთა საერთო სიგრძეა 282 კმ. მდინარის აუზს სიმეტრიული ფორმა აქვს, რომელიც განლაგებულია ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, დასავლეთით - ააფსთისა და აღმოსავლეთით - გუმისთის წყალშემკრებებს შორის. ბზიფის ქედი, რომელიც აუზის ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენს აღწევს მნიშვნელოვან სიმაღლეებს. აუზის აღმოსავლეთი საზღვარი წარმოდგენილია მერიდიანური აშამგვარის ქედით, რომელიც სამხრეთი მიმართულებით დაბლდება 2840 მ-იდან 789 მ-მდე. დასავლეთით საზღვარი გადის ბზიფის ქედის სამხრეთი შტოქედის თხემზე. მდინარის აუზის სიგრძეა დაახლოებით 37 კმ, საშუალო სიგანე 12-13 კმ. დასავლეთის გუმისთის მარჯვენა შენაკადებიდან მნიშვნელოვანია: აკუდრახო და გუმირიფშა, ხოლო მარცხენა შენაკადებიდან ჩადიმი და დოჩარიფშა. მარცხენა ნაპირზეა სოხუმის ჰიდროელექტროსადგური.

ქედებსა და შტოქედებს ხეობათა ფსკერიდან დიდი სიმაღლეები და კალთების მნიშვნელოვანი დახრილობა ახასიათებთ. აუზის ზემო ნაწილის ოროგრაფიაში დიდ როლს ვულკანური ქანები თამაშობენ, რომლებიც მეტად მძლავრი ბრექჩიებით, ტუფებითა და პორფირიტებითაა წარმოდგენილი. შუა და ქვემო დინებაში ჭარბობს კირქვები. ეს ქანები მთელ სიგრძეზეა დაფარული თიხნარით, რომლის შემადგენლობაშია კირქვული ქანების კოშტები.

აუზის მცენარეულობა წარმოდგენილია ხშირი, ფოთლოვანი ტყით, რომელთა შორისაა: წიფელი, რცხილა და წაბლი. შესართავისაკენ ტყე რამდენადმე მეჩხერდება. საერთო ტყიანობა შეადგენს მთელი აუზის ფართობის 95%-ს. მდინარის ღრმა და დაკლაკნილ ხეობას მთელ სიგრძეზე აქვს V-სებრი ფორმა, მარჯვენა ფერდობი მეტწილად ჩაზნექილია, ხოლო მარცხენა სწორი. ორივე ფერდობი ერწყმის გარემომცველი ქედების კალთებს. აუზის ბევრ მონაკვეთში, კერძოდ, კალთების ძირში გვხვდება პატარა წყვეტილი ტერასები, რომელთა სიგანეა 20-40 მ, იშვიათად 80 მ, ხოლო სიმაღლე 1,5-3,0 მ. მათგან უდიდესი ტერასა გაწოლილია მარჯვენა სანაპიროზე და აქვს 0,4 კმ სიგრძე და 300 მ სიგანე. ჭალა განვითარებულია შესართავისპირა ნაწილში, სადაც მისი სიგანე 100-150 მ შეადგენს. იგი დაბალია, კენჭნარ-ქვიანია და ძლიერი წყალდიდობისას და წყალმოვარდნისას 0,3-0,5 მ სიღრმეზე იტბორება წყლის ფენით. კალაპოტი ზომიერადაა დაკლაკნილი და ძირითადად არ არის დატოტვილი. მდინარის მთელ სიგრძეზე ჭარბობს ხშირი, არაღრმა ქვიანი ჩქერები. ლუბრმა შედარებით იშვიათია და მისი სიგრძე არც თუ ისე დიდია.

დასავლეთის გუმისთის ნაკადის სიგანე მერყეობს 2,3 მ-იდან, 48 მ-მდე. სიღრმე 0,3 მ-იდან 0,6 მ-მდე. ნაკადის სიჩქარეა 1,2-1,7 მ/წმ. ნაკადის ფსკერი უმეტესწილად უსწორმასწოროა, ქვიანი, მდინარის შუა დინების მრავალი მონაკვეთი აგებულია რიყის ქვითა და კენჭით, ხოლო ზემოთებში კაჭარითა და კირქვული ნატეხებით. მდინარის დონეების რეჟიმს ახასიათებს სუსტად გამოხატული გაზაფხულის ძლიერი წყალდიდობა და ხშირი წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. მაღალი წყალმოვარდნა უმეტესწილად იცის ოქტომბერ-ნოემბერში, იშვიათად აგვისტოში და აქვს 1,6-1,9 მ სიმაღლე. საშიში ჰიდროლოგიური მოვლენები მდინარეზე არ ფიქსირდება. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯია 13,4 მ³/წმ. წყლის დიდი ხარჯი უმეტესწილად გაზაფხულის წყალდიდობისას ფიქსირდება და აგრეთვე შემოდგომაზე და აღწევს 258 მ/წმ-ს. წყლის მინიმალური ხარჯია ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში და აგრეთვე ზამთარში. ამ დროს წყლის ხარჯი შეადგენს 1,2-3,1 მ³/წმ-ს. ჩამონადენის ძირითადი მასა გაზაფხულზე მოდის. მდინარის ზემო წელსა და ნაწილობრივ შუა დინებაში სუსხიან ზამთარში იცის ხანმოკლე ყინულნაპირისი და მინაყინი. მდინარის წყალი სუფთაა, გამჭვირვალე, ვარგისია დასალევად. დასავლეთის გუმისთის მარცხენა სანაპიროზეა კამანის ეკლესია და ახალშენის წმინდა თევდორეს ეკლესია.